ვანო ჩხიკვაძის ,,შუშების ომის ” წაკითხვისას ალბათ თითოეულ ქართველს განუახლდება ის ტკივილი,რომელსაც 2008 წლის აგვისტოში გრძნობდა.
,,შუშების ომი”-გორში მიმდინარე ამბებს აღწერს. ყველა სიტყვა იმდენად გულწრფელადაა ნათქვამი ,შეუძლებელია თვალზე ცრემლი არ მოგადგეს.
ალბათ ეს იმითაცაა გამოწვეული ,რომ მწერალი გორის მაცხოვრებელია და საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ის საშინელება რასაც აგვისტოს ომი ჰქვია.
აქ ორი ომი მძვინვარებს – ომი გარეშე მტერთან და ომი საკუთარ თავთან. პირველი ომი საუკუნეზე მეტია მიმდინარეობს, მეორე კი ახლახან, ეროვნული სუვერენიტეტის აღდგენის შემდეგ დაიწყო.
დემოკრატიზმის თეორიით დაბნეული ქართველობა ეძებს დაკარგულ სამშობლოს და სამშობლოში დაკარგულ თავის თავს.
იბომბება ქართლი, იწამლება თბილისი, სული კი ბორგავს გალიაში გამომწყვდეული მხეცივით.
ომს აქვს კანონი – ულმობლობის კანონი; ომს აქვს გემო – ჯოჯოხეთის სიმწარე; ომს აქვს სუნი – ცრემლის, სირცხვილისა და დამცირების სუნი.
მაგრამ ომს სხვა წესიც აქვს, ის გმირებს შობს.
სწორედ ამ წიგნში არიან ის გმირები ,პატრიოტები ,შეურაცხყოფილები ,მაგრამ გაუტეხელები ,საკუთარი მამულის დასაცავად ბოლომდე მებრძოლები.
,,ზღვა დამესიზმრა, ისეთივე ვრცელი, უკიდეგანო, როგორც სინამდვილეშია _ შორს, ჰორიზონტზე გადაფერდებული გემებით, აზნექილი, მუქ-ლურჯი ზურგით, ფარფლებივით რომ ეყარა ქაფის შხეფები და ბავშვივით მიკვირდა, ეს ყველაფერი ჩემს პატარა სიზმარში როგორ ეტევა-მეთქი.
ვიდექი ირიბად გაქცეული ნაპირის სველ კენჭებზე.
წვივებს, ბომბორა ლეკვებივით ზანტი, ძალაგამოცლილი ტალღები მილოკავდნენ.
უკან არ გამიხედავს, მაგრამ ვიცოდი, რომ ტანმაღალი ფიჭვებისა და ევკალიპტების სიღრმეში შემოქმედებითი სახლის კორპუსი იდგა.
ბაც! _ ჩატყდა სიზმრის ფერადი შუშა, ნამსხვრევები საწოლში მოღავდნენ.
თვალი გავახილე.
ავდექი, `ნამტვრევები~ რომ არ დამპნეოდა, ზეწარს თავი და ბოლო ფრთხილად ავუკეცე და აივნიდან შუაღამის სიჩუმეს გადავაფერთხე.
აივნის ნამიანმა მოაჯირმა იდაყვი დამისველა.”
,,გვინდა ხეებით გადაბურულ ტროტუარზე ჩუმად ვიაროთ, მაგრამ დაფშვნილი შუშა ტკაცუნობს. ქალაქის ცენტრში ვაჩვენე კასეტური ბომბით ამოკბეჩილი ღრმულები.
მიწისქვეშა გადასასვლელის კიბესთან, კუთხეში, მთლიანად დალეწილი ერთადერთი საგაზეთო ჯიხურისაგან უშუშო რკინის კარკასიღაა დარჩენილი.
_ ჩვენი საწყალი ქალაქი!.. ღამე უფრო საშინელი ყოფილა! _ მხართან მოხუტებული თვალებს იმშრალებს, _ აღარ შემიძლია, ამ ხრაშუნისა და სიჩუმის ატანა.
უკან წამოვედით.
კატები დაბრუნებულან _ მუსიკალური სკოლის ჩიხში შევუხვიეთ თუ არა, ფხუკუნით გამოვარდნენ.
კარში საკეტი გაჩხაკუნდა, მაგრამ არ შეაღო, შემობრუნებული პირისპირ გამიჩერდა. ჩაბნელებულ ნიშაში მხოლოდ ერთმანეთის თვალებს და ცხვირის წვერებს ვხედავთ, სადაცაა, მაღალი ძაბვის სადენის ბოლოებივით ერთმანეთს რომ შეეხებიან და ნაპერწკლებს გაყრიან.
_ ალბათ, უნდა წავიდე, _ რატომღაც ჩავილაპარაკე და ჩემს თავზე გავბრაზდი.
_ ჰო, ალბათ, `ძვირფასო კიწი…~
_ მაშინაც ამ ადგილას, ამ სიტყვებით დამემშვიდობე, მეორე დღეს კი… გამიფრინდი!
_ არ გეშინია, ხვალაც რომ დავკრა ფეხი და… _ აუტყდა სიცილი.
_ რა მოხდა მერე, ახლა ხომ სულ ერთი და იგივე ქალები თხოვდებიან.
_ მაშ, არავის გაუკვირდება?
_ არა მგონია?..
_ არც შენ?
_ მე ხომ ერთხელ უკვე `გამიკვირდა…~
_ ჰო, ეგ სულ დამავიწყდა, _ მითხრა უკვე სერიოზულად და გაყუჩდა.
არ ვიცი, მეჩვენება თუ თვალები ცრემლიანივით უციმციმებს.
_ მოკლედ ისევ აქ, ოცდათხუთმეტი წლის შემდეგ… _ დავარღვიე სიჩუმე.
_ მე უეჭველად მოვალ…
_ ოცდათხუთმეტი წლის წინ სცენაზე იყო ომი, ახლა ჩვენა ვართ ომში.”