პოეზიის 5 წუთი-(ი)ს ფოტო.

მე ვარ ის,
ვინც ვარ,
სხვანაირი სხვა ვიქნებოდი…

მოგონებებსაც შესძლებია გულის ტკენა,
თუმცა აქ ასო “ც” ყველაზე უფრო ზედმეტია.

დაგვიანებით მოხდილი ბოდიში
უკვე რამდენიმე დღეა,
ვერნათქვამი სიტყვებივით გამეჩხირა ყელში
და სუნთქვას მიძნელებს…

ვფიქრობ და ვერ ვხვდები,
როდის უფრო ბედნიერია ადამინი,
როცა წლების წინ სათქმელ ბოდიშს
წლების შემდეგ მაინც უხდიან,
თუ მაშინ,
როდესაც გულისტკივილის დავიწყების საშუალებას აძლევენ.

არ ვიცი,როდის უფრო კმაყოფილია ადამიანი,
როცა იგებს,რომ მის გამო წლებია
ვიღაცას სინდისი ქენჯნის,
თუ მაშინ,
როდესაც ჰგონია, რომ არავის უძილობის მიზეზი არ არის.

არ ვიცი, როდის უფრო უჭირს ადამიანს,
როცა ახალი ფეხსაცმელი უჭერს
თუ მაშინ,
როდესაც ნათხოვარი ფეხსაცმელი ორი ზომით დიდი აქვს.

არ ვიცი, როდის უფრო შეყვარებულია ადამიანი,
როცა გამუდმებით სიყვარულზე ყვირის,
თუ მაშინ,
როდესაც გრძნობებს სიტყვებით არ აუბრალოებს.
(ალბათ, ჩემს სათქმელსაც გააუბრალოებდა რითმა)

არ ვიცი,როდის უფრო წარმატებულია ადამიანი,
როცა მწვერვალებზე მარტო დგას
და სხვებს ზემოდან დასცქერის,
თუ მაშინ,
როდესაც ხელჩაკიდებული ექაჩება ზემოთ მეგობარს,
რომელსაც შემთხვევით ფეხი დაუცდა და ქვემოთ მიექანება.

არ ვიცი, როდის უფრო მორწმუნეა ადამიანი,
როცა ყოველ კვირა წირვას ესწრება და მარხულობს,
თუ მაშინ,
როდესაც ღვთის გზაზე სიარულს
სიყვარულთან,
ურთიერთდახმარებასა
და კეთილსინდისიერებასთან აიგივებს.

არ ვიცი,როდის უფრო გულწრფელია ადამიანი,
როცა ცრემლებს ღვრის,
თუ მაშინ,
როდესაც ბოლო ხმაზე ხარხარებს
იმ მიზნით, რომ სიცილი ბედნიერების გავრცელების
ერთადერთი საშუალება ჰგონია.

არ ვიცი, როდის უფრო რთულია იყო განსხვავებული,
როცა ყველა განსხვავებულია
და შენს განსხვავებულობას ვეღარავინ ამჩნევს,
თუ მაშინ,
როდესაც ეს სამყარო ისე გეუცხოება,
შენთვის ჯოჯოხეთიც სამოთხეა.

არ ვიცი, როდის უფრო მდიდარია ადამიანი,
როცა ყველაფრის ყიდვა შეუძლია,
თუ მაშინ,
როდესაც უკანასკნელი,
ლიფტისთვის განკუთვნილი, ხუთთეთრიანით
მოწყალების მთხოვნელს დაეხმარება
და მერვე სართულამდე კიბეებს სიმღერით აითვლის.

ვერ გეტყვით,
ვინ უფრო მდიდარია,
ვინ უფრო ბედნიერი,
ვინ უფრო შეყვარებული,
ვის გულში უფრო მეტი ღმერთია,
მაგრამ მე ადამიანობა მეორე ვარიანტში
მეჩ (ვ)ე მ/ნ ება.