ავტოპორტრეტი
მე ვდგავარ დიდი, როგორც ხეოფსი
არ ველოდები არაფერს.
მსახური ცათა, პრომეთეოსი,
ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს.
მე ვესალმები მძინარე მთვარეს,
ვემშვიდობები ცისფერ განთიადს,
უმძიმეს ლოდებს ცისკენ მივათრევ,
როგორც სიზიფმა ძველად ათრია.
ლოდებს აბსურდის, უმიზნოების,
მხრით ვეზიდები მომავლისაკენ,
გამოცდილებას ყველა დროების,
მე მივაგორებ მრგვალი მზისაკენ.
შემდეგ, კი ისევ ვბრუნდები უკან,
ისევ მიყვარხართ, ისევ ვკამათობ,
დროვ მოგონილო, დამნებდი, ნუ მკლავ,
ეჰ, ჩემო ღვინო, შენც აღარ მათრობ.
სილამაზეში ვერ ვხედავ შვებას
და არ მამშვიდებს ტახტი მეფური,
არც წამებულის მაღელვებს ვნება,
არც გულისცემა მოდუნებული.
როდესაც წვიმა წამოვა ციდან,
როდესაც მეხი ანგრევს დარაბებს,
როდესაც ცაში, თვით ღმერთი გმინავს,
მაშინ ოცნება თვალებს გაახელს.
და მაშნ ვიგრძნობ მე აღმაფრენას,
ბოლო სტრიქონს რომ დავუსვამ წერტილს,
მხოლოდ იმ წუთას ვადიდებ ზენას,
და ჩემს უმანკო ქმნილებას ვეტრფი.
მე ვდგავარ დიდი, როგორც ხეოფსი,
არ ველოდები არაფერს,
ხალხის მსახური პრომეთეოსი,
ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს.
როცა მე წავალ
ქარვისფერ ყანათა ღელვა დარჩება
მეწამულ მზის წვა, მდუმარება,
ფრთამოტეხილი მერცხლის საშველად,
მე მარტო წავალ!
გაკურთხოთ ღმერთმა და დამივიწყეთ,
დაე სხვა გემები მორეკოს წყალმა,
გემუდარებით იცინეთ, იცინეთ,
როცა მე წავალ!
სულ ახალგაზრდათ
ქრონოლოგია გარდასულ წელთა,
საუკუნეთა მაცივარშია.
მოგონებები ჭერიდან წვეთავს,
მხოლოდ სიმართლე გვწყურია, გვშია.
დრო
რეაქტიული მარტოობა,
დაძაბული,
გამოუთქმელი შიში შეხების,
საგნებთან,
საყვარელთან,
გაქრა.
რომანტიული ბილიკის,
რითმის ბოლოა,
შელამაზების,
ვაზისყურა ქალიშვილების
ირმისთვალური სევდა
გაქრა.
სოც-რომანტიზმის
ცისფერთვალება ლმობიერება
გაქრა.
ვარდს გაეფურჩქნა
ატომური სოკო,
რკინაბეტონის ჯუნგლებში
დაკაცდა მაუგლი,
პარაბელუმით ხელში.
დადგა დრო,
გამოთხოვებისა ტყესთან,
დრო უბრალო, მართალ ფერთა ხელჩაკიდების,
დრო წითლად ხატვის,
წითელ ქაღალდზე,
მაშინებელი,
დაუნდობელი,
როგორც ყოველი მართალი,
დრო.
დ ა ე, ი ც ო ც ხ ლ ო ნ . . .
გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.
ხომ იცი, როგორ უყვართ გათბობის მილები,
იქნებ ერთმანეთიც უყვართ?
მათ გაზურაზე უწევთ ცხოვრება,
ჩვენ დედამიწაზე,
მერე რა?
ერთიმეორისგან ვერ გაარჩევ,
სახელებიც არ ჰქვიათ,
როგორ ახარებთ სითბო და ტკბილი ჯემი,
რა მათი ბრალია, რომ არ იციან თავიანთი არსებობის შესახებ,
პლანეტებმაც ხომ არ იციან შერქმეული სახელები,
მაგრამ ბრუნავენ უმიზნოდ,
სივრცეში.
გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.
დღე
დილით არა გვაქვს პური…
გინდა რომ მზე ამოვიდეს…
გაყინული ხელებით კიდიხარ
ტროლებუსის ყურებს
და მიგორავ…
საცურაო აუზთან ისევ ბენზინს
ყიდიან.
ცირკთან ლილიპუტები
თათბირობენ.
ჩელუსკინელების ხიდზე
ხალხმრავლობაა
თეატრის კარი დაკეტილია და
კონცერტი გადაიდო.
გზაში ნაცნობი შეხვდება და მოგესალმება,
შენ კი სახლში კატა გელოდება,
რომელსაც შია.
ჯიმ მორისონს
ტანი ტამტამი,
დაწყვეტილი ჩემი გიტარა,
ხორცის ატამი,
გახლეჩილი როგორც სიმართლე,
მარადისობამ,
უდაბნოდან ჩამოიტანა,
მწვანე კანაფის,
იდუმალი ლურჯი სინათლე.
რა კარგია
რა კარგია რომ ბარათაშვილი ხიდია და ჭავჭავაძე
პროსპექტი.
რა კარგია რომ რუსთაველი მეტროა და წერეთელი გამზირი.
რა კარგია რომ ვაჟა-ფშაველა გრძელია და ნიკოლაძე მოკლე.
რა კარგია რომ კომკავშირი ხეივანია და სტალინი სანაპირო.
რა კარგია რომ ყაზბეგი კინოა და გურამიშვილი ქანდაკება.
რა კარგია რომ მელიქიშვილი ქუჩაა და ნუცუბიძე პლატო.
რა კარგია რომ ირაკლი ჩარკვიანია და კოტე ყუბანეიშვილი.
მაიმუნები ვართ
ამ შემოდგომას მოსდევს თეთრი ტანკი,
ამ ფოთოლცვენას არ ჰგავს შენი ხმა,
შენ მოგწონს ჩემი ჩუმი ლაპარაკი
და ისევ ლურჯად შეიღებე თმა.
მე მახსოვს ჩვენი გრძელ სკამზე ჯდომა
და ის რომ ერთად ვაბოლებდით პლანს,
შენ მიხვდი რომ ჩვენ ვერ მოვიგეთ ომი
და მაინც ბრძოლას ვერ ვანებებთ თავს.
მე მჯერა შენი ძუძუების ზომის
და ვიცი, როგორ გავუსწორო მათ,
შენ თვლი, რომ სექსი მიზეზია ომის
და მოგწონს ის, რომ მაიმუნები ვართ,
მაიმუნები ვართ…
მე ჩემო დედა მეტად მესმის შენი,
და ვიცი, როგორ შეიცვალა დრო,
დღეს დაიხურა სიყვარულის სკოლა
და დაკლეს ჩვენი ერთად ყოფნის ხბო.
მე ვნახე შოთა როგორ იჯდა ქვაზე
და თამარ მეფეს ვერ უწევდა მკლავს,
ჩვენ, ყველა ერთად, ვერ მოვსულვართ აზრზე,
რომ სიყვარული ანარქიას ჰგავს.
მე მჯერა შენი ძუძუების ზომის
და ვიცი, როგორ მოვეფერო მათ,
შენ თვლი, რომ სექსი მიზეზია ომის
და მოგწონს ის, რომ მაიმუნები ვართ,
მაიმუნები ვართ…
P.S