მოგონებებსაც შესძლებია გულის ტკენა, თუმცა აქ ასო “ც” ყველაზე უფრო ზედმეტია.
დაგვიანებით მოხდილი ბოდიში
უკვე რამდენიმე დღეა,
ვერნათქვამი სიტყვებივით გამეჩხირა ყელში
და სუნთქვას მიძნელებს…
ვფიქრობ და ვერ ვხვდები,
როდის უფრო ბედნიერია ადამინი,
როცა წლების წინ სათქმელ ბოდიშს
წლების შემდეგ მაინც უხდიან,
თუ მაშინ,
როდესაც გულისტკივილის დავიწყების საშუალებას აძლევენ.
არ ვიცი,როდის უფრო კმაყოფილია ადამიანი,
როცა იგებს,რომ მის გამო წლებია
ვიღაცას სინდისი ქენჯნის,
თუ მაშინ,
როდესაც ჰგონია, რომ არავის უძილობის მიზეზი არ არის.
არ ვიცი, როდის უფრო უჭირს ადამიანს,
როცა ახალი ფეხსაცმელი უჭერს
თუ მაშინ,
როდესაც ნათხოვარი ფეხსაცმელი ორი ზომით დიდი აქვს.
არ ვიცი, როდის უფრო შეყვარებულია ადამიანი,
როცა გამუდმებით სიყვარულზე ყვირის,
თუ მაშინ,
როდესაც გრძნობებს სიტყვებით არ აუბრალოებს.
(ალბათ, ჩემს სათქმელსაც გააუბრალოებდა რითმა)
არ ვიცი,როდის უფრო წარმატებულია ადამიანი,
როცა მწვერვალებზე მარტო დგას
და სხვებს ზემოდან დასცქერის,
თუ მაშინ,
როდესაც ხელჩაკიდებული ექაჩება ზემოთ მეგობარს,
რომელსაც შემთხვევით ფეხი დაუცდა და ქვემოთ მიექანება.
არ ვიცი, როდის უფრო მორწმუნეა ადამიანი,
როცა ყოველ კვირა წირვას ესწრება და მარხულობს,
თუ მაშინ,
როდესაც ღვთის გზაზე სიარულს
სიყვარულთან,
ურთიერთდახმარებასა
და კეთილსინდისიერებასთან აიგივებს.
არ ვიცი,როდის უფრო გულწრფელია ადამიანი,
როცა ცრემლებს ღვრის,
თუ მაშინ,
როდესაც ბოლო ხმაზე ხარხარებს
იმ მიზნით, რომ სიცილი ბედნიერების გავრცელების
ერთადერთი საშუალება ჰგონია.
არ ვიცი, როდის უფრო რთულია იყო განსხვავებული,
როცა ყველა განსხვავებულია
და შენს განსხვავებულობას ვეღარავინ ამჩნევს,
თუ მაშინ,
როდესაც ეს სამყარო ისე გეუცხოება,
შენთვის ჯოჯოხეთიც სამოთხეა.
არ ვიცი, როდის უფრო მდიდარია ადამიანი,
როცა ყველაფრის ყიდვა შეუძლია,
თუ მაშინ,
როდესაც უკანასკნელი,
ლიფტისთვის განკუთვნილი, ხუთთეთრიანით
მოწყალების მთხოვნელს დაეხმარება
და მერვე სართულამდე კიბეებს სიმღერით აითვლის.
ვერ გეტყვით,
ვინ უფრო მდიდარია,
ვინ უფრო ბედნიერი,
ვინ უფრო შეყვარებული,
ვის გულში უფრო მეტი ღმერთია,
მაგრამ მე ადამიანობა მეორე ვარიანტში
მეჩ (ვ)ე მ/ნ ება.
მე ვდგავარ დიდი, როგორც ხეოფსი
არ ველოდები არაფერს.
მსახური ცათა, პრომეთეოსი,
ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს.
მე ვესალმები მძინარე მთვარეს,
ვემშვიდობები ცისფერ განთიადს,
უმძიმეს ლოდებს ცისკენ მივათრევ,
როგორც სიზიფმა ძველად ათრია.
ლოდებს აბსურდის, უმიზნოების,
მხრით ვეზიდები მომავლისაკენ,
გამოცდილებას ყველა დროების,
მე მივაგორებ მრგვალი მზისაკენ.
შემდეგ, კი ისევ ვბრუნდები უკან,
ისევ მიყვარხართ, ისევ ვკამათობ,
დროვ მოგონილო, დამნებდი, ნუ მკლავ,
ეჰ, ჩემო ღვინო, შენც აღარ მათრობ.
სილამაზეში ვერ ვხედავ შვებას
და არ მამშვიდებს ტახტი მეფური,
არც წამებულის მაღელვებს ვნება,
არც გულისცემა მოდუნებული.
როდესაც წვიმა წამოვა ციდან,
როდესაც მეხი ანგრევს დარაბებს,
როდესაც ცაში, თვით ღმერთი გმინავს,
მაშინ ოცნება თვალებს გაახელს.
და მაშნ ვიგრძნობ მე აღმაფრენას,
ბოლო სტრიქონს რომ დავუსვამ წერტილს,
მხოლოდ იმ წუთას ვადიდებ ზენას,
და ჩემს უმანკო ქმნილებას ვეტრფი.
მე ვდგავარ დიდი, როგორც ხეოფსი,
არ ველოდები არაფერს,
ხალხის მსახური პრომეთეოსი,
ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს.
როცა მე წავალ
ქარვისფერ ყანათა ღელვა დარჩება
მეწამულ მზის წვა, მდუმარება,
ფრთამოტეხილი მერცხლის საშველად,
მე მარტო წავალ!
გაკურთხოთ ღმერთმა და დამივიწყეთ,
დაე სხვა გემები მორეკოს წყალმა,
გემუდარებით იცინეთ, იცინეთ,
როცა მე წავალ!
სულ ახალგაზრდათ
ქრონოლოგია გარდასულ წელთა,
საუკუნეთა მაცივარშია.
მოგონებები ჭერიდან წვეთავს,
მხოლოდ სიმართლე გვწყურია, გვშია.
მზე უკვე ადნობს ყინულის კლდეებს,
და ქარიშხალი გვაწყურებს ავდარს,
თანმიმდევრობა მოვტაცოთ დღეებს,
სანამ სხვებივით დავკარგავთ მადას.
კვლავ დავიბრუნოთ ზღვები და მთები,
ეს ჩვენი დროა,ოქროს წუთები,
საუკუნეთა გავბზაროთ თხემი,
თორემ აწმყოში დავიხუთებით.
ვისაც არ ესმის ჩვენი სამღერა
და ვინც ვერ ზომავს ჟამთ აისბერგებს.
დაე,მოწრუპონ ის მჟავე წლები,
ხალხში რომ ქვია _ ტკბილი სიბერე.
დრო
რეაქტიული მარტოობა,
დაძაბული,
გამოუთქმელი შიში შეხების,
საგნებთან,
საყვარელთან,
გაქრა.
რომანტიული ბილიკის,
რითმის ბოლოა,
შელამაზების,
ვაზისყურა ქალიშვილების
ირმისთვალური სევდა
გაქრა.
სოც-რომანტიზმის
ცისფერთვალება ლმობიერება
გაქრა.
ვარდს გაეფურჩქნა
ატომური სოკო,
რკინაბეტონის ჯუნგლებში
დაკაცდა მაუგლი,
პარაბელუმით ხელში.
დადგა დრო,
გამოთხოვებისა ტყესთან,
დრო უბრალო, მართალ ფერთა ხელჩაკიდების,
დრო წითლად ხატვის,
წითელ ქაღალდზე,
მაშინებელი,
დაუნდობელი,
როგორც ყოველი მართალი,
დრო.
დ ა ე, ი ც ო ც ხ ლ ო ნ . . . გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.
ხომ იცი, როგორ უყვართ გათბობის მილები,
იქნებ ერთმანეთიც უყვართ?
მათ გაზურაზე უწევთ ცხოვრება,
ჩვენ დედამიწაზე,
მერე რა?
ერთიმეორისგან ვერ გაარჩევ,
სახელებიც არ ჰქვიათ,
როგორ ახარებთ სითბო და ტკბილი ჯემი,
რა მათი ბრალია, რომ არ იციან თავიანთი არსებობის შესახებ,
პლანეტებმაც ხომ არ იციან შერქმეული სახელები,
მაგრამ ბრუნავენ უმიზნოდ,
სივრცეში.
გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.
დღე
დილით არა გვაქვს პური…
გინდა რომ მზე ამოვიდეს…
გაყინული ხელებით კიდიხარ
ტროლებუსის ყურებს
და მიგორავ…
საცურაო აუზთან ისევ ბენზინს
ყიდიან.
ცირკთან ლილიპუტები
თათბირობენ.
ჩელუსკინელების ხიდზე
ხალხმრავლობაა
თეატრის კარი დაკეტილია და
კონცერტი გადაიდო.
გზაში ნაცნობი შეხვდება და მოგესალმება,
შენ კი სახლში კატა გელოდება,
რომელსაც შია. ჯიმ მორისონს
ტანი ტამტამი,
დაწყვეტილი ჩემი გიტარა,
ხორცის ატამი,
გახლეჩილი როგორც სიმართლე,
მარადისობამ,
უდაბნოდან ჩამოიტანა,
მწვანე კანაფის,
იდუმალი ლურჯი სინათლე.
რა კარგია
რა კარგია რომ ბარათაშვილი ხიდია და ჭავჭავაძე
პროსპექტი.
რა კარგია რომ რუსთაველი მეტროა და წერეთელი გამზირი.
რა კარგია რომ ვაჟა-ფშაველა გრძელია და ნიკოლაძე მოკლე.
რა კარგია რომ კომკავშირი ხეივანია და სტალინი სანაპირო.
რა კარგია რომ ყაზბეგი კინოა და გურამიშვილი ქანდაკება.
რა კარგია რომ მელიქიშვილი ქუჩაა და ნუცუბიძე პლატო.
რა კარგია რომ ირაკლი ჩარკვიანია და კოტე ყუბანეიშვილი.
მაიმუნები ვართ
ამ შემოდგომას მოსდევს თეთრი ტანკი,
ამ ფოთოლცვენას არ ჰგავს შენი ხმა,
შენ მოგწონს ჩემი ჩუმი ლაპარაკი
და ისევ ლურჯად შეიღებე თმა.
მე მახსოვს ჩვენი გრძელ სკამზე ჯდომა
და ის რომ ერთად ვაბოლებდით პლანს,
შენ მიხვდი რომ ჩვენ ვერ მოვიგეთ ომი
და მაინც ბრძოლას ვერ ვანებებთ თავს.
მე მჯერა შენი ძუძუების ზომის
და ვიცი, როგორ გავუსწორო მათ,
შენ თვლი, რომ სექსი მიზეზია ომის
და მოგწონს ის, რომ მაიმუნები ვართ,
მაიმუნები ვართ…
მე ჩემო დედა მეტად მესმის შენი,
და ვიცი, როგორ შეიცვალა დრო,
დღეს დაიხურა სიყვარულის სკოლა
და დაკლეს ჩვენი ერთად ყოფნის ხბო.
მე ვნახე შოთა როგორ იჯდა ქვაზე
და თამარ მეფეს ვერ უწევდა მკლავს,
ჩვენ, ყველა ერთად, ვერ მოვსულვართ აზრზე,
რომ სიყვარული ანარქიას ჰგავს.
მე მჯერა შენი ძუძუების ზომის
და ვიცი, როგორ მოვეფერო მათ,
შენ თვლი, რომ სექსი მიზეზია ომის
და მოგწონს ის, რომ მაიმუნები ვართ,
მაიმუნები ვართ…
,, ა, ბატონო, გაზაფხული კარზეა მომდგარიდა გაჭინჭყლებული მკაცრად ითხოვს:
ან ხვნა თესვას უნდა მიეჩვიოთ, ან ჭამა-სმას უნდა გადაეჩვიოთ!
(ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ციტატა კარგად ახასიათებს ქართველის ბუნებას)”
,, ადამიანი ბუნების შვილია.გარემო-ბუნების ხელყფა მშობლის ხელყოფაა.”
,, არავინ იცის, ადამიანები გულწრფელად როდის ტირიან ან იცინიან, მაგრამ ვინც
დარდისგან გასიებული ცრემლებს ჩუმად ყლაპავს, გწამდეთ, მეგობრებო! ის მართლა ტირის…”
,, ეშმაკის მოტყუებაც შეიძლება,მაგრამ ეშმაკზე ეშმაკი უნდა იყო.”
,, ვინც არ მომკვდარა, მან სიცოცხლის ფასი არ იცის.”
,, ჭკუა თავშია და არა ხანში.”
,, ყველა ადამიანს აქვს ამ ქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.”
,, მგონია, ადამიანი იმაზე ადრეც კი, სანამ ანბანის სწავლას დაიწყებდეს, რაღაცისთვის უკვე
მოწოდებულია და მერე ოჯახი, სკოლა და ინსტიტუტი მასში მხოლოდ იმას ზრდიან, რისთვისაც ის გაჩნდა.”
,, გამოცდილებით, თავგადასულობით რომ ჭკუის სწავლა შეიძლებოდეს,
რაც ჩვენს ქვეყანას თავს გადახდენია, ჩვენში, ბრძენი კი არა, სულელი იქნებოდა სანთლით საძებარი.”
,, ადამიანებს ერთმანეთის დანდობა და სიყვარული იმიტომ გვჭირდება,
რომ ცხოვრებაა დაუნდობელი და კაცთმოძულე.”
,, ბევრი ვაკეთე და ვაშენე, მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონო,– რომ იტყვი და ხელებს დაიბან — იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე აგიშენებია“.
,, გაზაფხული უმერცხლოდაც მოვა, მერცხალი არ მოვა უგაზაფხულოდ“.
,, დედისათვის ყვავის ბახალაც შვილია და არწივის მართვეც, მაგრამ ქვეყნისთვისაა სხვადასხვა.“
,, მაცხოვარმა თქვა, ოფლითა თქვენითა მოიპოვეთ პური თქვენი არსობისაო. სახელმწიფო, რომელსაც თავისი გამოსაკვები პური ვერ მოჰყავს თავის მიწაზე, სახელმწიფო არ არის, მათხოვარია. მათხოვარი კი ვერაფერს ღირებულს ვერ შექმნის. სანამ ამ პურს შენ თვითონ არ მეიყვან შენს მიწაზე, მანამდე არაფერი გეშველება. ჩვენ რომ ნამათხოვრები პური გვეჭამა, რავარც დღეს ვჭამთ, “ვეფხისტყაოსანს” დავწერდით კი არა, წამკითხავიც არ გვეყოლებოდა დღეს. “ ,, უწმინდესს და უნეტარესს შევხვდი აჭარაში. იყო პოლემიკა. ზოგი ამტკიცებდა, 375 წლიდან ვართ ქრისტიანებიო, ზოგი – 435 წლიდან, ზოგი კიდევ რას ამბობდა, რა ვიცი. მე ვუთხარი, – იესო ქრისტეს სულ თორმეტი მოციქული ჰყავდა, ისინი რომ მსოფლიოში გაენაწილებინა, მათი ფრჩხილიც კი არ შეგვხვდებოდა. ღმერთმა სამი მოციქული ჩვენთან გამოგზავნა და კიდევ რაღა საბუთი გვინდა, რომ ჩვენი სარწმუნოება მაცხოვრის ხნის არის-მეთქი.” Continue reading →
იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები,რომლებიც ფრაზებს მასწავლებლის დავალების გარეშე სწავლობენ , სხვადასხვა ნაწარმოებებიდან. როდესაც ვიგებ მასწავლებლის ფრაზას:
,,ბავშვებო საზეპირო მოვინიშნოთ…”
ჩემი გაბადრული სახე ბევრისთვის გამაღიზიანებელია 😀 .
არსებობს კი ქართველი ,რომელსაც ილიას ,,მგზავრის წერილები ” და ,,ოთარაანთ ქვრივი” ნასწავლი თუ არა გადაკითხული მაინც არ აქვს? იმედი მაქვს არა.
ჩემს გაბადრულ სახეზე უკვე გითხარით.ერთ დღესაც ამ გაბადრული სახით გადავშალე ლიტერატურის წიგნი და ამ ორ ნაწარმოებში ჩემი საყვარელი ადგილები მოვნიშნე,რათა დამემახსოვრებინა.
ოთარაანთ ქვრივი
,,— ფული რა არის?! ხელის ჭუჭყია… ერთი თუმანი რა სათქმელია!.. ჯავრი რომ არ შევარჩინე, — ეს რადა ჰღირს! ტყუილუბრალოდ რომ არ დავეჩაგვრინე ცოტაა?! დეე ამას იქით იცოდნენ, რომ მე ოთარაანთ ქვრივს მეძახიანო. “
,,— ტკბილი სიტყვა რა არისო! — იტყოდა ხოლმე, — ამ გამწარებულს წუთის-სოფელში ტკბილი სხვა რა არის, რომ სიტყვა იყოს. რას მიქვიან ტკბილი სიტყვა! თვალთმაქცობაა, სხვა არაფერი. ტკბილი სიტყვა ნუგეშია, კაცს გულს მოჰფხანს. გულის-ფხანა რაღა დარდუბალაა! ფხანა ქეცმა იცის. ნუ გაიქეციანებ გულს და ფხანაც საჭირო არ იქნება. სიტყვა სამურველი ხომ არ არის, — მოსაკიდებელი ჩანგალია, რომ გული ან აქეთ მისწიოს, ან იქით, თორემ ობი მოეკიდება, როგორც კიდობანში დავიწყებულს პურს. გული ადგილიდამ უნდა მისძრას-მოსძრას კაცმა, თუ კაცს კაცის სიკეთე უნდა.ფხანა გულისა რის მაქნისია! უქმის კაცის საქმეა. თავადიშვილები ფეხის გულზე ხელს ასმევინებენ, რომ ძილი მოიგვარონ, გულის ფხანაც ის არის: ძილს მოჰგვრის. ის კი არ იციან, რომ თუ წუთის-სოფელს ერთს ბეწო ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა. ”
,,რა ვუყოთ, რომ ის მამაკაცია და მე დედაკაცი. მითამ ჩემზედ წინ რით არის? იმასაც ორი ხელი და ფეხი აქვს და მეცაო. თუ ის ხელ-ფეხს ასაქმებს, მე რაღა დარდუბალა გადამკიდებია!.. რა საპყარი და დავარდნილი მე მნახესო!..”
,,ყოველგვარი სიყვარული, — დედა-შვილურია, თუ სხვა, — მაინც ფრთხილია და მშიშარა: ჭირი უფრო ელანდება, ვიდრე ლხინი, როცა საყვარელის ტკივილი გამოცანაა, დამალულია, მიუგნებელია. ”
,,ქვეყანაზედ რომ ჭირი არ იყოს, ადამიანი ენასაც არ ამოიდგამდა: მეტი ბარგია. ლხინს რა ლაპარაკი უნდა? ძაღლს რომ უხარიან, კუდის ქნევითაც იტყვის ხოლმე. ”
,,— დედა-შვილობაში შენ-ჩემობა რად არის? — ჰკითხა ოთარაანთ ქვრივმა თავისთავსა. — დედა-შვილობაში ორი თვალი რად უნდა იყოს? ნეტა დედას სხვასავით მაინც ორი თვალი არა ჰქონოდა… თუ აქვს, რად უჭრის ერთი თავისად, მეორე შვილისად? გული რად იხედება გარეთ ორის თვალითა, რად? — რატომ ერთი თვალი არ ებრმავის, როცა მეორე იყურება?.. ვინ ვისთვისაო, — რა საკითხავია დედა-შვილობაში?.. ვაი რომ საკითხავი ყოფილა! ამის ჭიდილია თურმე დედა-შვილობაცა!.. ”
,,არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდამ გამოხედვა. უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა და მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის. უკადრისობად მიგვაჩნია ჭკუა უწიგნო ტყაპუჭ-ქვეშაც ვიგულვოთ. ჩვენ ვთაკილობთ და არა გვჯერა, რომ ყველა გონიერი კაცი იგივ წიგნია. ყველა გონიერი კაცი, თუნდა უწიგნოც, ზოგჯერ მწიგნობარისათვისაც კი ოსტატია.”
,,დადუმდა, შეჰდგა ყველა და მარტო დედა-შვილობის საცოდავობა-ღა თავის დიდებულის ზარით ჰღაღადებდა უთქმელად, უტყვად, ხმა-ამოუღებლად.
ამას მარტო თვალი გულისა-ღა თუ ჰხედავდა და ყური გულისა-ღა თუ ისმენდა!.. ხორციელი სმენა, ხორციელი ხედვა ამისათვის უღონოა.”
,,აბა იმათს სიმღერას უყურე: ერთი გრძელი კვნესაა და მაინც სიმღერას ეძახიან. ჩვენი სიმღერა კვნესა არ არის და მაინც ლხენა ვერ დაგვირქმევია.”
,,საფლავზედ გარდი-გარდმო გადაქცეულიყო, ფეხები აქეთ პირას მიწაზედ ებჯინა თითის წვერებითა და ორივე ხელი იქით პირას გადაეკიდნა, თითქო სდომებია მთელი საფლავი ქვითა და მკვდრით ერთის ხვევნით გულში ჩაეკრაო. ” Continue reading →
აკაკი წერეთელი .ქართველი მწერალი ,რომლის სასმსახური საქართველოს წინაშე შეუფასებელია. მის შემოქმედებას ყოველთვის პატივს ვცემდი და ჩემი აღმაფრენა კიდევ უფრო გაიზარდა მისი ,,გამზრდელის” წაკითხვის შემდეგ. ჩემი აზრით ,,გამზრდელი” გენიალური პოემაა,რომელიც ყველაფერს ერთად გვასწავლის:მიტევებას,მგობრობას,აღმზრდელისა და აღზრდილის ურთიერთობას.
პოემის მთავარი პერსონაჟი -ბათუ კეთილი,სამართლიანი ,ღვთისმოშიში ბიჭია,რომელსაც გვერდით ასეთივე ცოლი ჰყავს. მათი ცხოვრება შესაშურია,მაგრამ წუთისოფელი ბოლომდე არავის ახარებს. ერთ ღამეს მოულოდნენლი სტუმარი ეწვევათ,რომელიც ბათუს ახლო მეგობარია. საფარ -ბეგი ბათუს უღირს საქმეში სთხოვს დახმარებას ,რომლის საშუალებითაც საყვარელი ქალის გულს მოიგებს.ბათუ მეგობარს დახმარების ხელს გაუწვდის,რადგან მისთვის სიყვარული ღვთიური გრძნობაა და უნდა მეგობარიც ბედნიერი იყოს. საფარ-ბეგს სახლში დატოვებს თავის ცოლთან ერთად, თვითონ კი მეგობრის საქმეზე გაეშურება. შინ დაბრუნებულს კი საზარელი სურათი დახვდება. საკუთარ ცოლს,რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა საშინელ დღეში ნახავს ,ქალი განდგურებულია,მისი ლოგინი კი მინგრეულ-მონგრეული.
,,მიხვდა ქმარი, რაც მომხდარა, ზარმა დაჰკრა, ელდა ეცა!.. და, რომ კრინტიც არ დაუძრავს, იქვე უხმოდ ჩაიკეცა.
დიდხანს იჯდა რეტდასხმული, უყურებდა ცოლის ტანჯვას; ბოლოს ღონე მოიკრიფა და მოეგო ისევ ჭკუას.
მივიდა და უთხრა მტირალს: „ჩუ, ნუ სტირი, გენაცვალე! რაც გინახავს – სიზმარია, დაივიწყე ისევ მალე!”
ქართველ ადამიანში ყველაზე მეტად, ქართული სულის უკუღმართობა მტკივა …
ზნეობრივი განსაცდელი, რომელიც ბათუს ხვდა წილად, მას მარტო მისი სიყვარულის დანგრევით კი არა, იმითაც ემუქრება, რომ შეიძლება საკუთარი ძიძიშვილის მკვლელად იქცეს. მიუხედავად ასეთი სიმწარისა ბათუ თავის სულგრძელობას მოუხმობს და სტუმარს ისე გაისტუმრებს ,როგორც მასპინძელს შეეფერება.დამშვიდობებისას ეტყვის,რომ სიმართლე იცის და სჯობია აღარსად შეხვდნენ ერთმანეთს,თუ უნდა რომ კვლავ იცოცხლოს.მხოლოდ ერთ სთხოვს , წავიდეს და თავის გამზდელი ნახოს,უამბოს ყველაფერი და მის მიერ დაისაჯოს. ის სჯის ცოდვილს არა ფიზიკური ანგარიშსწორებით, არამედ სინდისის ქენჯნით და სირცხვილით. საფარიც მიხვდება თავის დანაშაულს, ასე ცხოვრებას სიკვდილი ურჩევნია. თავის სოფელში დაბრუნებული გამზდელს ნახავს ,უამბობს თავის უღირს საქციელს ,სასჯელს ელოდება ,მაგრამ გამზდელი მის მაგიერ საკუთარ თავს დასჯის. Continue reading →
1983 წლის 18 ნოემბერს თბილისში შვიდმა მეგობარმა გაიტაცა საბჭოთა სამგზავრო თვითმფრინავი. გამტაცებლები დასავლეთში გაქცევაზე ოცნებობდნენ. მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
შემთხვევას მსხვერპლი მოყვა,რამაც გამოიწვია თავისუფლებაზე მეოცნებე ადამიანების მსჯავრდებულების სკამზე აღმოჩენა. ისინი ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს და საბჭოთა ხელისუფლებამ ყველას გარდა ფეხმძიმე გოგონასი დახვრეტა მიუსაჯა.
ეს ამბავი ქართული ისტორიის ტრაგიკული ფურცელია და დღემდე საიდუმლოებებით არის მოცული…
იყვნენ თუ არა ისინი ტერორისტები და იმსახურებდნენ თუ არა სასჯელის ასეთ სასტიკ ფორმას ? ამის შესახებ ქართველი ხალხის აზრი გაყოფილია,თუმცა ჩემთვის ისინი თავისუფლების მაძიებელნი და საკუთარი ღირებულების ერთგული ადამიანები არიან.
დათო ტურაშვილის ,,ჯინსების თაობა” სწორედ ამ მოვლენის შესახებაა დაწერილი. წიგნის საშუალებით ვიცნობთ იმ ადამიანებს ,რომელთაც ხალხის ნაწილი ,,თვითფრინავის ბიჭებს ” უწოდებს ,ზოგი კი ტერორისტებსა და ბანდიტებს.
ამ ამბავს უფრო ტრაგიკულს თინას ორსულობა ხდის .ის და გეგა სიყვარულით დაქორწინდნენ ,ბავშვი მათთვის უდიდესი სიხარულის მომტანი უნდა ყოფილიყო ,მაგრამ მათ მიერ თვითფრინავის გატაცებას ეს ბავშვიც ემსხვერპლა. საბჭოთა ხელისუფლებამ ჯერარდაბადებული ბავშვიც კი დამნაშავედ სცნო და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.გეგას ბოლომდე სჯეროდა ,რომ ამ ქვეყანას მისი სიკვდილის შემდეგ პატარა კობახიძე დარჩებოდა .
თვითმფრინავის გამტაცებლების მშობლებსა და ოჯახის წევრებს, მეგობრებსა თუ ახლობელებს,არასოდეს უთქვამთ, რომ გეგა და მისი მეგობრები უდანაშაულოები იყვნენ დაპასუხი არ უნდა ეგოთ იმისათვის, რაც ჩაიდინეს. თვითმფრინავის გატაცება ყველგან დანაშაულია და მით უმეტეს მაშინ,როცა ის მსხვერპლით მთავრედება,გამტაცემლები უნდა დაუსაჯონ.მაგრამ : მათი დახვრეტა, ვისაც არავინ არ მოუკლავს ,ისეთვე დანაშაულია,როგორც თვითმფრინავი სგატაცება და იქნებ უარესიც! მით უმეტეს: დანაშაულია თვითმფრინავის გამტაცების მცდელობისათვის იმ ადამიანის დახვრეტა,რომელიც იმ თვითმფრინავში საერთოდ არ მჯდარა .
მიუხედავად ყველაფრისა,საქართველოში მაინც სჯეროდათ რომ თვითმფრინავის გამტაცებლებს არ დახვრეტდნენ.ზოგიერთებს იმდენად სურდათ,რომ ეს არ მომხდარიყო,თვითონვე იგონებდნენ სხვადასხვა ვერსიას და მათ შორის ყველაზე გავრცელებული ციმბირის ვერსია იყო.ამბობდნენ, რომ სიკვდილმისჯილებს კი არ ხვრეტდნენ,არამედ აგზავნიდნენ ციმბირში,საიდუმლო საბჭოთა ობიექტებზე სამუდამოდ სამუშაოდ და ამბობდნენ,რომ თვითმფრინავი სგამტაცებლებსაც იგივე ბედი ელოდათ.
საქართველოში დღემდე უამრავ ადამიანსაც სწორედ ასე სჯერა,რომ თვითმფრინავის გამტაცებლები ახალაც ცოცხები არიან და არიან სადღაც შორს,ძალიან შორს ამ ბოროტებით სავსე სამყაროდან,რადგან მათ ძალიან უნდოდათ გაფრენა და მართლა გაფრინდნენ.
” წარსულს თურმე დაბრუნებაც შეუძლია და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იმ წარსულს ჩვენ თვითონაც არ ვშორდებით ”
” ზოგჯერ ადამიანის ამოცნობაც ისეთივე შეუძლებელია, როგორც სამყაროსი, რომელიც ისეთივე დიდია როგორც ის ტიალი მინდორი”
” თუმცა ის არ იყო მკვლელი და იყო მესაფლავე , რადგან მკვლელი რომ ყოფილიყო კი არ დაიმახსოვრებდა დამარხვის ადგილსარამედ დაივიწყებდა ”
” სიკვდილამდე სიკვდილიდ დაჯერება მაინც ძნელია და მითუმეტეს შვილის სიკვდილის, რადგან შვილის სიკვდილი უბრალოდ არ არსებობს ”
” ოფიციალური იმედი არ არსებობს იმედი ერთია, ის შენია და შეგიძლია ამით იცოცხლო “ Continue reading →
გილოცავთ ყველას გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ამ დღის მადლი არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს და ჩვენს სამშობლოს, მრავალს დაესწარით საყვარელ ადამიანებთან ერთად, ჯანმრთელად და ბედნიერად, ერთიან საქართველოში!
წმიდა გიორგის სასწაულთა რიცხვი აურაცხელია, ყოველი ქვეყანა და ყოველი ეკლესია აღსავსეა მისი საკვირველებით და წყალობით.
,,პალესტინაში, წმიდა გიორგის დედულეთის დაბას, სადაც დასვენებულია წმიდანის ყოვლადწმიდა ნაწილები, ერთ დროს სარკინოზთა ჯარი შემოესია საბრძოლველად. როცა იქ მყოფნი დაატყვევეს, კარვები გაშალეს, იწყეს ლხინი და განცხრომა. უგუნურებმა ტაძრის საკურთხეველში, სადაც ძლევაშემოსილი და წამების ღვაწლით შემკული მოწამის წმიდა ნაწილები იყო დასვენებული, ხელი მიჰყვეს ღორმუცელობას, ლოთობას, ძილს, თამაშს და ხუმრობას. შემდეგ მოზიდეს ისრები და დაუწყეს სროლა იქ დაბრძანებულ დიდებულ ხატებს. ერთმა ტყვეთაგანმა გაუბედა მათ და უთხრა: „არ შეიძლება ასეთი მკრეხელობა წმიდანთა მიმართ, რადგან მოწამე, ვისი სახელითაც პატივცემულია ეს ტაძარი, იყო უძლეველი მეომარი და დღემდე თავის მოწინააღმდეგებს ამხილებს და ულმობელად მუსრავს მათ“. ურჯულო მხედრებმა უწესოდ გაიცინეს და თქვეს: „გაგვაგებინეთ, ვინ არის ასეთი?“ ხოლო იგი უჩვენებდა წმიდა გიორგის ხატს, ბრწყინვალედ გამოსახულს და მეომრის ჯაჭვის პერანგით შემოსილს, რომელსაც ერტყა ოქროს ქამარი, ხელში ეჭირა საბრძოლო შუბი და იყო თავზარდამცემი სანახავი თავისი დიდებულებით. ერთმა მათგანმა მოზიდა ისარი და სტყორცნა წმიდანის დიდებულ ხატს. ისარი წამშივე უკუიქცა, მტყორცნელს გული გაუგმირა და ბეჭებამდე გაერჭო. უბადრუკმა იმწამსვე სული დალია. დანარჩენმა მხედრებმა დაინახეს წმიდანის ხატი, რომელსაც ხელი გაეშალა და ხოცავდა მათ. თავზარდაცმული მეომრები გაიქცენენ. ვინც გადაურჩა მახვილით მოსრვას, მოუთხრობდნენ წმიდა გიორგის უძლეველ ძალაზე” ქრისტიან ხალხებს ძალიან უყვართ წმინდა გიორგი. განსაკუთრებით ქართველებს. საქართველო წმინდა გიორგის ქვეყანაა. ზვიად გამსახურდია წერდა: „ქართველისათვის წმინდა გიორგი სიმბოლოა მებრძოლი ქრისტიანობისა, სიმბოლო თავად ღვთისა, ძალისმიერ, მებრძოლ ასპექტში, ბოროტების დამთრგუნველ ასპექტში. წმ. გიორგიმ ქართველი ხალხის წარმოსახვაში შეიერთა ყოველივე ის საუკეთესო, რაც მოიტანა ქრისტიანობამ”.
წმიდაო გიორგი, დიდების მხედარო,
ვუმზერ შენს ხატებას და სული მხნედ არი…
შემუსრე უწმინდურ დრაკონთა ორგია,
იხსენ სამკვიდრო შენი – გეორგია,
დიდების უფალი მართალთა მწედ არი.
წმიდაო რაინდო, გველი არ დაინდო,
მოგვმადლე იმედი და უფლის სვე-დარი!
საქართველოში ყველამ იცის ტროპარი წმიდისა დიდებულისა დიდმოწამისა, ძლევამოსილისა და სასწაულმოქმედისა გიორგისა: ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღუაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს. ამინ!
ვანო ჩხიკვაძის ,,შუშების ომის ” წაკითხვისას ალბათ თითოეულ ქართველს განუახლდება ის ტკივილი,რომელსაც 2008 წლის აგვისტოში გრძნობდა.
,,შუშების ომი”-გორში მიმდინარე ამბებს აღწერს. ყველა სიტყვა იმდენად გულწრფელადაა ნათქვამი ,შეუძლებელია თვალზე ცრემლი არ მოგადგეს.
ალბათ ეს იმითაცაა გამოწვეული ,რომ მწერალი გორის მაცხოვრებელია და საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ის საშინელება რასაც აგვისტოს ომი ჰქვია.
აქ ორი ომი მძვინვარებს – ომი გარეშე მტერთან და ომი საკუთარ თავთან. პირველი ომი საუკუნეზე მეტია მიმდინარეობს, მეორე კი ახლახან, ეროვნული სუვერენიტეტის აღდგენის შემდეგ დაიწყო. დემოკრატიზმის თეორიით დაბნეული ქართველობა ეძებს დაკარგულ სამშობლოს და სამშობლოში დაკარგულ თავის თავს. იბომბება ქართლი, იწამლება თბილისი, სული კი ბორგავს გალიაში გამომწყვდეული მხეცივით. ომს აქვს კანონი – ულმობლობის კანონი; ომს აქვს გემო – ჯოჯოხეთის სიმწარე; ომს აქვს სუნი – ცრემლის, სირცხვილისა და დამცირების სუნი. მაგრამ ომს სხვა წესიც აქვს, ის გმირებს შობს. სწორედ ამ წიგნში არიან ის გმირები ,პატრიოტები ,შეურაცხყოფილები ,მაგრამ გაუტეხელები ,საკუთარი მამულის დასაცავად ბოლომდე მებრძოლები.
,,ზღვა დამესიზმრა, ისეთივე ვრცელი, უკიდეგანო, როგორც სინამდვილეშია _ შორს, ჰორიზონტზე გადაფერდებული გემებით, აზნექილი, მუქ-ლურჯი ზურგით, ფარფლებივით რომ ეყარა ქაფის შხეფები და ბავშვივით მიკვირდა, ეს ყველაფერი ჩემს პატარა სიზმარში როგორ ეტევა-მეთქი. ვიდექი ირიბად გაქცეული ნაპირის სველ კენჭებზე. წვივებს, ბომბორა ლეკვებივით ზანტი, ძალაგამოცლილი ტალღები მილოკავდნენ. უკან არ გამიხედავს, მაგრამ ვიცოდი, რომ ტანმაღალი ფიჭვებისა და ევკალიპტების სიღრმეში შემოქმედებითი სახლის კორპუსი იდგა. ბაც! _ ჩატყდა სიზმრის ფერადი შუშა, ნამსხვრევები საწოლში მოღავდნენ. თვალი გავახილე. ავდექი, `ნამტვრევები~ რომ არ დამპნეოდა, ზეწარს თავი და ბოლო ფრთხილად ავუკეცე და აივნიდან შუაღამის სიჩუმეს გადავაფერთხე. აივნის ნამიანმა მოაჯირმა იდაყვი დამისველა.”