პოეზიის 5 წუთი-(ი)ს ფოტო.

მე ვარ ის,
ვინც ვარ,
სხვანაირი სხვა ვიქნებოდი…

მოგონებებსაც შესძლებია გულის ტკენა,
თუმცა აქ ასო “ც” ყველაზე უფრო ზედმეტია.

დაგვიანებით მოხდილი ბოდიში
უკვე რამდენიმე დღეა,
ვერნათქვამი სიტყვებივით გამეჩხირა ყელში
და სუნთქვას მიძნელებს…

ვფიქრობ და ვერ ვხვდები,
როდის უფრო ბედნიერია ადამინი,
როცა წლების წინ სათქმელ ბოდიშს
წლების შემდეგ მაინც უხდიან,
თუ მაშინ,
როდესაც გულისტკივილის დავიწყების საშუალებას აძლევენ.

არ ვიცი,როდის უფრო კმაყოფილია ადამიანი,
როცა იგებს,რომ მის გამო წლებია
ვიღაცას სინდისი ქენჯნის,
თუ მაშინ,
როდესაც ჰგონია, რომ არავის უძილობის მიზეზი არ არის.

არ ვიცი, როდის უფრო უჭირს ადამიანს,
როცა ახალი ფეხსაცმელი უჭერს
თუ მაშინ,
როდესაც ნათხოვარი ფეხსაცმელი ორი ზომით დიდი აქვს.

არ ვიცი, როდის უფრო შეყვარებულია ადამიანი,
როცა გამუდმებით სიყვარულზე ყვირის,
თუ მაშინ,
როდესაც გრძნობებს სიტყვებით არ აუბრალოებს.
(ალბათ, ჩემს სათქმელსაც გააუბრალოებდა რითმა)

არ ვიცი,როდის უფრო წარმატებულია ადამიანი,
როცა მწვერვალებზე მარტო დგას
და სხვებს ზემოდან დასცქერის,
თუ მაშინ,
როდესაც ხელჩაკიდებული ექაჩება ზემოთ მეგობარს,
რომელსაც შემთხვევით ფეხი დაუცდა და ქვემოთ მიექანება.

არ ვიცი, როდის უფრო მორწმუნეა ადამიანი,
როცა ყოველ კვირა წირვას ესწრება და მარხულობს,
თუ მაშინ,
როდესაც ღვთის გზაზე სიარულს
სიყვარულთან,
ურთიერთდახმარებასა
და კეთილსინდისიერებასთან აიგივებს.

არ ვიცი,როდის უფრო გულწრფელია ადამიანი,
როცა ცრემლებს ღვრის,
თუ მაშინ,
როდესაც ბოლო ხმაზე ხარხარებს
იმ მიზნით, რომ სიცილი ბედნიერების გავრცელების
ერთადერთი საშუალება ჰგონია.

არ ვიცი, როდის უფრო რთულია იყო განსხვავებული,
როცა ყველა განსხვავებულია
და შენს განსხვავებულობას ვეღარავინ ამჩნევს,
თუ მაშინ,
როდესაც ეს სამყარო ისე გეუცხოება,
შენთვის ჯოჯოხეთიც სამოთხეა.

არ ვიცი, როდის უფრო მდიდარია ადამიანი,
როცა ყველაფრის ყიდვა შეუძლია,
თუ მაშინ,
როდესაც უკანასკნელი,
ლიფტისთვის განკუთვნილი, ხუთთეთრიანით
მოწყალების მთხოვნელს დაეხმარება
და მერვე სართულამდე კიბეებს სიმღერით აითვლის.

ვერ გეტყვით,
ვინ უფრო მდიდარია,
ვინ უფრო ბედნიერი,
ვინ უფრო შეყვარებული,
ვის გულში უფრო მეტი ღმერთია,
მაგრამ მე ადამიანობა მეორე ვარიანტში
მეჩ (ვ)ე მ/ნ ება.

,,ვიცი ისევ ვუსწრებ დროს”-ი. ჩ

ავტოპორტრეტი

მე ვდგავარ დიდი, როგორც ხეოფსი
არ ველოდები არაფერს.
მსახური ცათა, პრომეთეოსი,
ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს.

მე ვესალმები მძინარე მთვარეს,
ვემშვიდობები ცისფერ განთიადს,
უმძიმეს ლოდებს ცისკენ მივათრევ,
როგორც სიზიფმა ძველად ათრია.

ლოდებს აბსურდის, უმიზნოების,
მხრით ვეზიდები მომავლისაკენ,
გამოცდილებას ყველა დროების,
მე მივაგორებ მრგვალი მზისაკენ.

შემდეგ, კი ისევ ვბრუნდები უკან,
ისევ მიყვარხართ, ისევ ვკამათობ,
დროვ მოგონილო, დამნებდი, ნუ მკლავ,
ეჰ, ჩემო ღვინო, შენც აღარ მათრობ.

სილამაზეში ვერ ვხედავ შვებას
და არ მამშვიდებს ტახტი მეფური,
არც წამებულის მაღელვებს ვნება,
არც გულისცემა მოდუნებული.

როდესაც წვიმა წამოვა ციდან,
როდესაც მეხი ანგრევს დარაბებს,
როდესაც ცაში, თვით ღმერთი გმინავს,
მაშინ ოცნება თვალებს გაახელს.

და მაშნ ვიგრძნობ მე აღმაფრენას,
ბოლო სტრიქონს რომ დავუსვამ წერტილს,
მხოლოდ იმ წუთას ვადიდებ ზენას,
და ჩემს უმანკო ქმნილებას ვეტრფი.

მე ვდგავარ დიდი, როგორც ხეოფსი,
არ ველოდები არაფერს,
ხალხის მსახური პრომეთეოსი,
ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს.

10334275_249182661872396_6832429263018804463_n
როცა მე წავალ
ქარვისფერ ყანათა ღელვა დარჩება
მეწამულ მზის წვა, მდუმარება,
ფრთამოტეხილი მერცხლის საშველად,
მე მარტო წავალ!
გაკურთხოთ ღმერთმა და დამივიწყეთ,
დაე სხვა გემები მორეკოს წყალმა,
გემუდარებით იცინეთ, იცინეთ,
როცა მე წავალ!

სულ ახალგაზრდათ
ქრონოლოგია გარდასულ წელთა,
საუკუნეთა მაცივარშია.
მოგონებები ჭერიდან წვეთავს,
მხოლოდ სიმართლე გვწყურია, გვშია.

მზე უკვე ადნობს ყინულის კლდეებს,
და ქარიშხალი გვაწყურებს ავდარს,
თანმიმდევრობა მოვტაცოთ დღეებს,
სანამ სხვებივით დავკარგავთ მადას.
კვლავ დავიბრუნოთ ზღვები და მთები,
ეს ჩვენი დროა,ოქროს წუთები,
საუკუნეთა გავბზაროთ თხემი,
თორემ აწმყოში დავიხუთებით.
ვისაც არ ესმის ჩვენი სამღერა
და ვინც ვერ ზომავს ჟამთ აისბერგებს.
დაე,მოწრუპონ ის მჟავე წლები,

ხალხში რომ ქვია _ ტკბილი სიბერე.

10487311_249179931872669_8291132633213570799_n

დრო
რეაქტიული მარტოობა,
დაძაბული,
გამოუთქმელი შიში შეხების,
საგნებთან,
საყვარელთან,
გაქრა.
რომანტიული ბილიკის,
რითმის ბოლოა,
შელამაზების,
ვაზისყურა ქალიშვილების
ირმისთვალური სევდა
გაქრა.
სოც-რომანტიზმის
ცისფერთვალება ლმობიერება
გაქრა.
ვარდს გაეფურჩქნა
ატომური სოკო,
რკინაბეტონის ჯუნგლებში
დაკაცდა მაუგლი,
პარაბელუმით ხელში.
დადგა დრო,
გამოთხოვებისა ტყესთან,
დრო უბრალო, მართალ ფერთა ხელჩაკიდების,
დრო წითლად ხატვის,
წითელ ქაღალდზე,
მაშინებელი,
დაუნდობელი,
როგორც ყოველი მართალი,
დრო.



დ ა ე, ი ც ო ც ხ ლ ო ნ . . .
გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.
ხომ იცი, როგორ უყვართ გათბობის მილები,
იქნებ ერთმანეთიც უყვართ?
მათ გაზურაზე უწევთ ცხოვრება,
ჩვენ დედამიწაზე,
მერე რა?
ერთიმეორისგან ვერ გაარჩევ,
სახელებიც არ ჰქვიათ,
როგორ ახარებთ სითბო და ტკბილი ჯემი,
რა მათი ბრალია, რომ არ იციან თავიანთი არსებობის შესახებ,
პლანეტებმაც ხომ არ იციან შერქმეული სახელები,
მაგრამ ბრუნავენ უმიზნოდ,
სივრცეში.
გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.

10346519_249162238541105_5866288793412322510_n

დღე

დილით არა გვაქვს პური…
გინდა რომ მზე ამოვიდეს…
გაყინული ხელებით კიდიხარ
ტროლებუსის ყურებს
და მიგორავ…
საცურაო აუზთან ისევ ბენზინს
ყიდიან.
ცირკთან ლილიპუტები
თათბირობენ.
ჩელუსკინელების ხიდზე
ხალხმრავლობაა
თეატრის კარი დაკეტილია და
კონცერტი გადაიდო.
გზაში ნაცნობი შეხვდება და მოგესალმება,
შენ კი სახლში კატა გელოდება,
რომელსაც შია.
ჯიმ მორისონს
ტანი ტამტამი,
დაწყვეტილი ჩემი გიტარა,
ხორცის ატამი,
გახლეჩილი როგორც სიმართლე,
მარადისობამ,
უდაბნოდან ჩამოიტანა,
მწვანე კანაფის,
იდუმალი ლურჯი სინათლე.

irakli-charkviani

რა კარგია
რა კარგია რომ ბარათაშვილი ხიდია და ჭავჭავაძე
პროსპექტი.
რა კარგია რომ რუსთაველი მეტროა და წერეთელი გამზირი.
რა კარგია რომ ვაჟა-ფშაველა გრძელია და ნიკოლაძე მოკლე.
რა კარგია რომ კომკავშირი ხეივანია და სტალინი სანაპირო.
რა კარგია რომ ყაზბეგი კინოა და გურამიშვილი ქანდაკება.
რა კარგია რომ მელიქიშვილი ქუჩაა და ნუცუბიძე პლატო.
რა კარგია რომ ირაკლი ჩარკვიანია და კოტე ყუბანეიშვილი.

10418982_479643958833385_1112001153565992622_n

მაიმუნები ვართ
ამ შემოდგომას მოსდევს თეთრი ტანკი,
ამ ფოთოლცვენას არ ჰგავს შენი ხმა,
შენ მოგწონს ჩემი ჩუმი ლაპარაკი
და ისევ ლურჯად შეიღებე თმა.
მე მახსოვს ჩვენი გრძელ სკამზე ჯდომა
და ის რომ ერთად ვაბოლებდით პლანს,
შენ მიხვდი რომ ჩვენ ვერ მოვიგეთ ომი
და მაინც ბრძოლას ვერ ვანებებთ თავს.
მე მჯერა შენი ძუძუების ზომის
და ვიცი, როგორ გავუსწორო მათ,
შენ თვლი, რომ სექსი მიზეზია ომის
და მოგწონს ის, რომ მაიმუნები ვართ,
მაიმუნები ვართ…
მე ჩემო დედა მეტად მესმის შენი,
და ვიცი, როგორ შეიცვალა დრო,
დღეს დაიხურა სიყვარულის სკოლა
და დაკლეს ჩვენი ერთად ყოფნის ხბო.
მე ვნახე შოთა როგორ იჯდა ქვაზე
და თამარ მეფეს ვერ უწევდა მკლავს,
ჩვენ, ყველა ერთად, ვერ მოვსულვართ აზრზე,
რომ სიყვარული ანარქიას ჰგავს.
მე მჯერა შენი ძუძუების ზომის
და ვიცი, როგორ მოვეფერო მათ,
შენ თვლი, რომ სექსი მიზეზია ომის
და მოგწონს ის, რომ მაიმუნები ვართ,
მაიმუნები ვართ…

P.S 

თოვლიან ქართა დევნით დაღლილი,
გადაუქროლებს ჩემს ქანდაკებას მერცხალთა
გუნდი,
მე ისევ მოვალ,
მხოლოდ არავის არ გაუმხილო,

რომ მე დავბრუნდი.

10334264_249059288551400_5716588442058087534_n

Continue reading

,, ჭკუა თავშია და არა ხანში.”-ოტია იოსელიანი

ოტია იოსელიანი

,, ა, ბატონო, გაზაფხული კარზეა მომდგარიდა გაჭინჭყლებული მკაცრად ითხოვს:
ან ხვნა თესვას უნდა მიეჩვიოთ, ან ჭამა-სმას უნდა გადაეჩვიოთ!
(ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ციტატა კარგად ახასიათებს ქართველის ბუნებას)”

,, ადამიანი ბუნების შვილია.გარემო-ბუნების ხელყფა მშობლის ხელყოფაა.”

,, არავინ იცის, ადამიანები გულწრფელად როდის ტირიან ან იცინიან, მაგრამ ვინც
დარდისგან გასიებული ცრემლებს ჩუმად ყლაპავს, გწამდეთ, მეგობრებო! ის მართლა ტირის…”

,, ეშმაკის მოტყუებაც შეიძლება,მაგრამ ეშმაკზე ეშმაკი უნდა იყო.”

,, ვინც არ მომკვდარა, მან სიცოცხლის ფასი არ იცის.”

,, ჭკუა თავშია და არა ხანში.”

,, ყველა ადამიანს აქვს ამ ქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.”

,, მგონია, ადამიანი იმაზე ადრეც კი, სანამ ანბანის სწავლას დაიწყებდეს, რაღაცისთვის უკვე
მოწოდებულია და მერე ოჯახი, სკოლა და ინსტიტუტი მასში მხოლოდ იმას ზრდიან, რისთვისაც ის გაჩნდა.”

,, გამოცდილებით, თავგადასულობით რომ ჭკუის სწავლა შეიძლებოდეს,
რაც ჩვენს ქვეყანას თავს გადახდენია, ჩვენში, ბრძენი კი არა, სულელი იქნებოდა სანთლით საძებარი.”

,, ადამიანებს ერთმანეთის დანდობა და სიყვარული იმიტომ გვჭირდება,
რომ ცხოვრებაა დაუნდობელი და კაცთმოძულე.”

,, ბევრი ვაკეთე და ვაშენე, მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონო,– რომ იტყვი და ხელებს დაიბან — იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე აგიშენებია“.

,, გაზაფხული უმერცხლოდაც მოვა, მერცხალი არ მოვა უგაზაფხულოდ“.

,, დედისათვის ყვავის ბახალაც შვილია და არწივის მართვეც, მაგრამ ქვეყნისთვისაა სხვადასხვა.“

,, მაცხოვარმა თქვა, ოფლითა თქვენითა მოიპოვეთ პური თქვენი არსობისაო. სახელმწიფო, რომელსაც თავისი გამოსაკვები პური ვერ მოჰყავს თავის მიწაზე, სახელმწიფო არ არის, მათხოვარია. მათხოვარი კი ვერაფერს ღირებულს ვერ შექმნის. სანამ ამ პურს შენ თვითონ არ მეიყვან შენს მიწაზე, მანამდე არაფერი გეშველება. ჩვენ რომ ნამათხოვრები პური გვეჭამა, რავარც დღეს ვჭამთ, “ვეფხისტყაოსანს” დავწერდით კი არა, წამკითხავიც არ გვეყოლებოდა დღეს. “
otia
 ,, უწმინდესს და უნეტარესს შევხვდი აჭარაში. იყო პოლემიკა. ზოგი ამტკიცებდა, 375 წლიდან ვართ ქრისტიანებიო, ზოგი – 435 წლიდან, ზოგი კიდევ რას ამბობდა, რა ვიცი. მე ვუთხარი, – იესო ქრისტეს სულ თორმეტი მოციქული ჰყავდა, ისინი რომ მსოფლიოში გაენაწილებინა, მათი ფრჩხილიც კი არ შეგვხვდებოდა. ღმერთმა სამი მოციქული ჩვენთან გამოგზავნა და კიდევ რაღა საბუთი გვინდა, რომ ჩვენი სარწმუნოება მაცხოვრის ხნის არის-მეთქი.”
Continue reading

ქართველ ადამიანში ყველაზე მეტად, ქართული სულის უკუღმართობა მტკივა! -,,გამზრდელი”

e18390e18399e18390e18399e18398-e183ace18394e183a0e18394e18397e18394e1839ae18398-2
აკაკი წერეთელი .ქართველი მწერალი ,რომლის სასმსახური საქართველოს წინაშე შეუფასებელია. მის შემოქმედებას ყოველთვის პატივს ვცემდი და ჩემი აღმაფრენა კიდევ უფრო გაიზარდა მისი ,,გამზრდელის” წაკითხვის შემდეგ. ჩემი აზრით ,,გამზრდელი” გენიალური პოემაა,რომელიც ყველაფერს ერთად გვასწავლის:მიტევებას,მგობრობას,აღმზრდელისა და აღზრდილის ურთიერთობას.

პოემის მთავარი პერსონაჟი -ბათუ კეთილი,სამართლიანი ,ღვთისმოშიში ბიჭია,რომელსაც გვერდით ასეთივე ცოლი ჰყავს. მათი ცხოვრება შესაშურია,მაგრამ წუთისოფელი ბოლომდე არავის ახარებს.
ერთ ღამეს მოულოდნენლი სტუმარი ეწვევათ,რომელიც ბათუს ახლო მეგობარია. საფარ -ბეგი ბათუს უღირს საქმეში სთხოვს დახმარებას ,რომლის საშუალებითაც საყვარელი ქალის გულს მოიგებს.ბათუ მეგობარს დახმარების ხელს გაუწვდის,რადგან მისთვის სიყვარული ღვთიური გრძნობაა და უნდა მეგობარიც ბედნიერი იყოს. საფარ-ბეგს სახლში დატოვებს თავის ცოლთან ერთად, თვითონ კი მეგობრის საქმეზე გაეშურება. შინ დაბრუნებულს კი საზარელი სურათი დახვდება. საკუთარ ცოლს,რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა საშინელ დღეში ნახავს ,ქალი განდგურებულია,მისი ლოგინი კი მინგრეულ-მონგრეული.

,,მიხვდა ქმარი, რაც მომხდარა,
ზარმა დაჰკრა, ელდა ეცა!..
და, რომ კრინტიც არ დაუძრავს,
იქვე უხმოდ ჩაიკეცა.

დიდხანს იჯდა რეტდასხმული,
უყურებდა ცოლის ტანჯვას;
ბოლოს ღონე მოიკრიფა
და მოეგო ისევ ჭკუას.

მივიდა და უთხრა მტირალს:
„ჩუ, ნუ სტირი, გენაცვალე!
რაც გინახავს – სიზმარია,
დაივიწყე ისევ მალე!”

ქართველ ადამიანში ყველაზე მეტად, ქართული სულის უკუღმართობა მტკივა …

ზნეობრივი განსაცდელი, რომელიც ბათუს ხვდა წილად, მას მარტო მისი სიყვარულის დანგრევით კი არა, იმითაც ემუქრება, რომ შეიძლება საკუთარი ძიძიშვილის მკვლელად იქცეს. 
მიუხედავად ასეთი სიმწარისა ბათუ თავის სულგრძელობას მოუხმობს და სტუმარს ისე გაისტუმრებს ,როგორც მასპინძელს შეეფერება.დამშვიდობებისას ეტყვის,რომ სიმართლე იცის და სჯობია აღარსად შეხვდნენ ერთმანეთს,თუ უნდა რომ კვლავ იცოცხლოს.მხოლოდ ერთ სთხოვს , წავიდეს და თავის გამზდელი ნახოს,უამბოს ყველაფერი და მის მიერ დაისაჯოს. ის  სჯის ცოდვილს არა ფიზიკური ანგარიშსწორებით, არამედ სინდისის ქენჯნით და სირცხვილით. საფარიც მიხვდება თავის დანაშაულს, ასე ცხოვრებას სიკვდილი ურჩევნია. თავის სოფელში დაბრუნებული გამზდელს ნახავს ,უამბობს თავის უღირს საქციელს ,სასჯელს ელოდება ,მაგრამ გამზდელი მის მაგიერ საკუთარ თავს დასჯის.
Continue reading